ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ, რომ მათ შვილებს და ქმრებს… ვერ დავწერ!

ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ, რომ მათ შვილებს და ქმრებს… ვერ დავწერ!

”მე ვწყვეტ ემოციურ ურთიერთობას ყველა იმ ადამიანთან, რომლის პოზიცია ასე თუ ისე ამართლებს იმ პათოლოგიურ სისასტიკეს, სადიზმს, მკვლელობებს, წამებას, დარბევებს, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს ხდებოდა”, – ამ პოსტს დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს, რომელსაც გთავაზობთ.

”ჩემო ძვირფასებო! მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ იმ ასობით წერილისთვის, მეგობრობის შემოთავაზებისთვის, უთბილესი სიტყვებისთვის, გამხნევებისა და გვერდში დგომისთვის, რაც ბოლო დღეებში მივიღე და ვიგრძენი თქვენგან! ასევე, დიდ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომელთაც არ ესიამოვნათ, ეხამუშათ ჩემი რადიკალური პოზიცია, მაგრამ იგრძნეს ჩემი გულწრფელობა, უხეში ტექსტების არაანგაჟირებული, არაპოლიტიკური ხასიათი და თავისი კრიტიკა ჩემს მიმართ კეთილი განწყობით გამოხატეს.

დიდი მადლობა თქვენ, ვინც იცით ან ხვდებით, რომ ჩემგან ნებისმიერ მთავრობასთან ოდნავი სიახლოვეც კი გამორიცხულია, რომ არასდროს არავინ არ შემიწუხებია საკუთარი თავისთვის, რომ არც ერთ თანამდებობის პირთან (!) ცხოვრებაში სახლში არ ვყოფილვარ და არც ისინი ყოფილან ჩემთან; ვინც იცით ან გაგიგიათ რამდენჟერ შევწირე საკუთარი კარიერა და კეთილდღეობა ჩემი პრინციპების გამო, რამდენჯერ დამიკლია საკუთარი ოჯახისთვის სხვისი წარმატების გულისთვის. დიდი, დიდი მადლობა ყველას!

ამასთან ერთად კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ჩემი გადაწყვეტილება: მე ვწყვეტ ემოციურ ურთიერთობას ყველა იმ ადამიანთან, რომლის პოზიცია ასე თუ ისე ამართლებს იმ პათოლოგიურ სისასტიკეს, სადიზმს, მკვლელობებს, წამებას, დარბევებს, რაც ”ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს ხდებოდა. ვიმეორებ, ასეთი არ მინდა არც ოჯახის წევრი, არც ნათესავი, არც მეგობარი. ასეთი ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ (თუმცა ამას არავის ვუსურვებ), რომ მათ შვილებს და ქმრებს… ვერ დავწერ!!! “ქართულ ოცნებას” (რომელიც 6 წლის განმავლობაში რამდენჯერაც საშუალება მომეცა იმდენჯერ უხეშად, უმწვავესად გავაკრიტიკე) მერამდენეჯერ მივმართავ: თქვენი მმართველობა აქამდე ბევრ საკითხში იყო უნიჭობის განსახიერება! ეს თქვენ მიიყვანეთ საქმე აქამდე! გაუბედურებულ ზაზა სარალიძეს ამჯერად პირდაპირ მივმართავ: მთელი ჩემი არსებით ვარ თქვენს ოჯახთან ერთად! ჩემი პირადი მტერი იქნება ის, ვინც ხელს შეუშლის თქვენი შვილის მკვლელების პოვნას და დასჯას!..

ჩემო უძვირფასესო მეგობრებო, ახლა პოლონეთის ბალტიის ფილარმონიაში ვარ, რომელსაც ვხელმძღვანელობ. დეკემბრის განმავლობაში ამ დიდებულ სცენაზე მხოლოდ ქართველი არტისტები იდგებიან, ხოლო მთლიანად ამ სეზონში 15 ბრწყინვალე ქართველი შემსრულებელი ჩამომყავს. ისე, სხვათაშორის, მათგან ზოგი “ქოცია”, ზოგი კი “ნაცი”. ასე რომ გამგები გაიგებს რასაც გავყვირი. გეხვევით ყველას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!”, – წერს გოგი ჭიჭინაძე.