„ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ხელისუფლებას საჯაროდ მოუწოდა, თუ მას სურდა, მასზე გულაყრილი და მერყევი ამომრჩევლის მიმხრობა, ერთ-ერთი ნაბიჯი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გამოწვევა უნდა ყოფილიყო," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
ზაალ ანჯაფარიძე: კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა წინასაარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე მოხდა ახლა, როდესაც მათ არჩევნებში ასეთი შედეგი მიიღეს. ეს რაღაც ხელოვნურობის ელემენტს ტოვებს.
არ მგონია, რომ ისეთივე ეფექტი ჰქონდეს, რა ეფექტიც მაშინ ექნებოდა, როდესაც საზოგადოება და ეკლესია მათგან ამ კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვდა. არა მგონია, რომ ამით მმართველმა პარტიამ ბევრი პოლიტიკური ქულა დაიწეროს. მეორე საკითხია, რამდენად მივა ეს საკითხი ამომრჩევლამდე და ისინი ამის შესახებ გაიგებენ.
„რეზონანსი": გუშინ ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები დააპატიმრეს. დღეს კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი უკან გაიწვიეს. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი „ქართული ოცნების" რეიტინგზე?
ზ.ა: რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ხელისუფლების მხრიდან?- შეკითხვას ასე შემოვატრიალებდი. ხელისუფლებამ უნდა უპასუხოს იმ გამოწვევებსა და წუხილს, რაც საზოგადოებას აქვს და რის გამოც ის შედეგი იქნა მიღებული, რა შედეგიც მათ არჩევნის პირველ ტურში.
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილის დაპატიმრება სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა. შეიძლება ისე იყოს ყველაფერი, როგორც ხელისუფლება ჰყვება, მაგრამ საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ ეს არ არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი, რთულია. თუ ხელისუფლების კანდიდატი პირველივე ტურში გაიმარჯვებდა, მოხდებოდა თუ არა ამ ხალხის დაპატიმრება? ეს არის კითხვა.
ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც ამ ერთ თვეში მოესწრება. რადიკალურ ცვლილებებს ამ მოკლე პერიოდში ვერ მოახდენენ, მაგრამ ის მაინც უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ მათ სწორი მიმართულებით დაიწყეს ნაბიჯების გადადგმა. ეს თითოეულ მოქალაქემდე უნდა მიიტანონ. როგორ მოახერხებენ ამას, ეს მათი რესურსებიდან გამომდინარე დავასკვნით. ვფიქრობ, მას ამის გაკეთება არ უნდა გაუჭირდეთ.
„რ": რესპუბლიკურმა პარტიამ ვაშაძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რომელმა ოპოზიცურმა პარტიამ შეიძლება გადადგას იგივე ნაბიჯი?
ზ.ა: რესპუბლიკური პარტიისა და „ევროპული საქართველოს" გარდა, არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს, რომ ღია მხარდაჭერა გამოუცხადოს ვაშაძეს. რესპუბლიკელების ნაბიჯი ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა, რადგან ისინი ყოველთვის ცდილობენ იმ პოლიტიკურ ვაგონს შეახტნენ, საიდანაც ყველაზე მეტ დივიდენდებს ელიან.
თუკი სააკაშვილის მობოდიშება გახდა საფუძველი ამისა, ეს თავად რესპუბლიკურმა პარტიამ უნდა ახსნას მისი ამომრჩევლის წინაშე. ვფიქრობ, ვაშაძის მხარდაჭერა ამ ორი პარტიით არის ამოწურული.