გიორგი ოთხმეზური:

გიორგი ოთხმეზური: "ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება"

"ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვაშაძე პრეზიდენტი ვერ გახდება. ბევრი მეუბნება, არჩევნებზე არ ვყოფილვარ, მაგრამ ახლა აუცილებლად წავალ, "ნაციონალები" რომ არ დაბრუნდნენო" - ამბობს ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური, რომელსაც "რეზონანსი" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოსალოდნელ შედეგებზე ესაუბრა.

"სამწუხაროდ, მოკლე მეხსიერება გვაქვს, დაგვავიწყდა, რასაც "ნაცმოძრაობა" სჩადიოდა. გვეუბნებიან, იმ 9 წელს ნუ იხსენებთ, რისი გეშინიათ, მიშა რომ ჩამოვიდეს, რას გააკეთებსო. რას გააკეთებს და ისევ იმას, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდა. ისევ ის ხალხი ბრუნდება, უცხო ხომ არ მოდის ვინმე, ბოდიშიც რომ არ მოუხდიათ იმ საშინელებებზე, რაც ჩაიდინეს.

"მესმის იმ განაწყენებული ხალხისა, ვისთვისაც სამართალი არ აღდგა, ტკივილი ვერ მოიცილა. რაც მოხდა, ეს მართლაც ხელისუფლებისთვის სილის გაწვნა იყო, მაგრამ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ვაშაძე თვითონ ამბობს, ყველას შევიწყალებო, ე.ი. გაქცეულ ბანდას თბილისში ჩამოიყვანს, ციხეში ვინც არის, იმათ შეიწყალებს. მისი გაპრეზიდენტება როგორ შეიძლება, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისეთ განყოფილებაში მუშაობდა, დიდი "პაგონები" თუ არ გეკერა, ექსკურსიაზეც არავინ გაგატარებდა.

"ან ნიკა გვარამიას განცხადებები როგორ უნდა დაივიწყო, სარალიძის აქციაზე მისულ ხალხს "ნაციონალები" რომ დახვდნენ და ამის გამო აქციას გაემიჯნნენ და ვაკის პარკში წავიდნენ, რა თქვა კვესიტაძის გადაცემაში - აქ ერთი ბომბი უნდა ჩააგდოო. ან რატომ არც ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არ გამოხატა აღშფოთება, სალომე ზურაბიშვილს მხარს ვინც დაუჭერს, ყველა ერის მოღალატეა, დავიმახსოვრებთ და გავუსწორდებითო.

"ტელევიზიითაც ვთქვი და თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მინდა, უმორჩილესად ვთხოვო ხალხს, განსაკუთრებით იმათ, ვინც სახლში დარჩნენ, მივიდნენ არჩევნებზე, რადგან დიდი შიში მაქვს, რომ ქვეყანაში წყნარი და მშვიდი ცხოვრება დამთავრდება, ტერორი და შანტაჟი დაიწყება," - განაცხადა "რეზონანსთან" გიორგი ოთხმეზურმა.