"დედას კარგი ჯამაგირი აქვს და ხანდახან მეც მეხმარება"

სააკაშვილმა ტელეარხს უთხრა, რომ ჰოლანდიაში მოკრძალებულად ცხოვრობს პატარა ბინაში და ველოსიპედით გადაადგილდება.

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამსტერდამში ცხოვრობს, უკრაინელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მატერიალური პრობლემები აქვს და დედა ეხმარება.

შერისხული პოლიტიკოსი ტელეარხ „1+1-ის" პროგრამა „უკრაინული სენსაციების" გმირი გახდა. ჟურნალისტები მას ამსტერდამში ეწვივნენ და გაარკვიეს, როგორ პირობებში ცხოვრობს ყოფილი მაღალჩინოსანი.

სააკაშვილმა ტელეარხს უთხრა, რომ ჰოლანდიაში მოკრძალებულად ცხოვრობს პატარა ბინაში, ველოსიპედით გადაადგილდება და მატერიალურად დედა ეხმარება.

დედას კარგი ჯამაგირი აქვს, რომ თავიც შეინახოს და ჩემს მეუღლესა და შვილსაც დაეხმაროს. ხანდახან მეც მეხმარება", - უთხრა ექს-პრეზიდენტმა ტელეარხს.

სააკაშვილის განმარტებით, ამსტერდამში საცხოვრებელი ბინა ყოველთვიურად 350-400 ევრო უჯდება. ამ თანხაში ასევე შედის გაზის საფასური, სხვა გადასახადები და ასევე დამლაგებლის მომსახურება.

ოდესის ყოფილი გუბერნატორი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ენატრება უკრაინა და იქაურ პასპორტს არავითარ შემთხვევაში არ დათმობს. სააკაშვილის თქმით, როდესაც ფრანგი პოლიციელები მისთვის პასპორტის წართმევას შეეცადნენ, პირდაპირ უთხრა, რომ დოკუმენტს მხოლოდ მისი სიკვდილის შემთხვევაში მიიღებდნენ.