თუ მოკვლევის შემდეგ დადასტურდება მცირედი ნაწილი მაინც იმისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, საქმეზე გამოძიება დაიწყება

თუ მოკვლევის შემდეგ დადასტურდება მცირედი ნაწილი მაინც იმისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, საქმეზე გამოძიება დაიწყება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის მოსყიდვისა და ფულის ეკლესიის შესაწირში დატოვების საკითხის მოკვლევა დაწყებულია და თუ თემის მოკვლევის შემდეგ დადასტურდება მცირედი ნაწილი მაინც იმისა, რაზეც მირზა სუბელიანი საუბრობს, საქმეზე გამოძიება დაიწყება.

შს მინისტრის თქმით, გამოძიების დაწყებისთანავე მოწმეზე ზეწოლისა და ზემოქმედების ბრალდებით უწყებამ 5-ზე მეტი პირი დააკავა. რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, ფაქტი იქნება გამოძიებული და თუ ის დადასტურდა, მონაწილე პირები დაისჯებიან.

„ეს იყო პირველი გამოძიება, როდესაც დაფარვის და მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით გამოძიების ფარგლებში დაკავებული იყო 5-ზე მეტი პირი. ასეთი პრაქტიკა ადრე არ არსებობდა. იქ იყო რამდენიმე მუხლი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ გავაცოცხლეთ. რა თქმა უნდა ასეთი ინფორმაციის მიღების შემდგომ, სამართალდამცავი სისტემა და შსს მყისიერ რეაგირებას აძლევს და რა თქმა უნდა ჩვენ ამ თემას მოვიკვლევთ. იქ თუ იქნება მცირედი მაინც დადასტურება იმის, რომ მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი, რა თქმა უნდა გამოძიება დაიწყება და დამნაშავე პირები იქნებიან დასჯილი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.