გვარამია:

გვარამია: "სუს-ი ამზადებს ჩემი და სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად…"

ნიკა გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას ჰყავს წყარო, რომელზეც დაყრდნობით მას აქვს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები გეგმავენ გაავრცელონ მასსა და საქართველოს მესამე პრეზიდენტს შორის კომუნიკაციის ფაბრიკაცია.

მისივე განცხადებით, ამავე წყაროს საშუალებით ჰქონდა ინფორმაცია „რუსთავი 2“-ს, რომ ვიქტორ ჯაფარიძე შევიდა ციხეში მირზა სუბელიანთან იმისთვის, რომ გაკეთებულიყო ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა.

„ჩვენ გვყავს წყაროები ყველგან და ეს წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას მყისიერად. შესაბამისად, ახლა ვიცით მაგალითად ინფორმაცია, რომ სუს-ი ამზადებს ჩემი და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ჩანაწერს გამოსაგდებად. რაღაც კომბინაცია სხვადასხვა საუბრების, იქ დამატებული ხმების და ა.შ.

დიახ, მე ველაპარაკები მიხეილ სააკაშვილს, ველაპარაკები გიგი უგულავას. დიახ, მე ველაპარაკები შალვა ნათელაშვილს. დიახ, მე ველაპარაკებოდი პატარა ბურჭულაძეს, როცა ის პოლიტიკაში იყო, ირაკლი ალასანიას და ა.შ. მე ველაპარაკები ყველას ვისთანაც მიმაჩნია რომ ეს საჭიროა. ველაპარაკები ღია ხაზზე. არაფერი დასამალი არ მაქვს. არავითარ დანაშაულს არ ვგეგმავ, მაქვს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები,“ - განაცხადა გვარამიამ.