„თქვენ ანგარიშვალდებული ხართ ივანიშვილთან? ვინ არის თქვენი ბოსი?“ - ეს კითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გავლენიანი ბრიტანული გამოცემის Financial Times-ის ჟურნალისტმა დღეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე დაუსვა.
„მე ანგარიშვალდებული ვარ იმ ხალხთან, რომლებმაც ხმა მისცეს „ქართულ ოცნებას“, ეს აშკარაა, დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, საუკეთესო პასუხი რეალური სტატისტიკა და რეალური ციფრებია, ჩვენი დემოკრატიის ინტერესი არ არის, შევადაროთ, რა იყო წარსულში და რა გვაქვს დღეს, პროგრესი დიდია და მიღწევებიც ბევრია, მაგრამ მომავალზე ფიქრი უნდა გავაგრძელოთ, უნდა მოვახდინოთ მთავრობის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„რაც შეეხება ქართულ დემოკრატიას და არჩევნებს, მინდა გკითხოთ, პარტიის ლიდერის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის შესახებ, ის ძალიან მდიდარი ადამიანია, მისი აქტივები მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედია, ოლიგარქიული სიტუაციის მსგავსი ვითარებაა. აყენებს თუ არა ეს ჩრდილს ქართულ დემოკრატიას?“ - მიმართა ჟურნალისტმა მამუკა ბახტაძეს შეკითხვით.
„ბევრი მიზეზის გამო გეტყვით, რომ არ არის ოლიგარქიული სიტუაცია, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და თავმჯდომარეა. მან მოიგო არჩევნები 2012 წელს, საუკეთესო პასუხი თუ რა დიდი ცვლილება მოუტანა ამ არჩევნებზე ქვეყანას, საერთაშორისო რეიტინგებია, როგორი გაუმჯობესდა ჩვენი პოზიცია ყველა მიმართულებით, მედიაპლურალიზმის, ადამიანის უფლებების, კერძო სექტორის, ბიზნესის დაცვის, გამჭვირვალეობის თვალსაზრისით. ეს კონკრეტული მიღწევებია. ჩვენ დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ჭეშმარიტი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის სწორ გზაზე ვართ“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძე.