ეს არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება

ეს არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება

ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ელჩებმა დააშანტაჟეს.

როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ ელჩებში აღფრთოვანება გამოიწვია. 

„ეს განცხადება არის საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატის შეურაცხყოფა და მათი სახელით მანიპულირება. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან მე დავაორგანიზე და რამდენიმე ადამიანთან ერთად თავიდან ბოლომდე ვესწრებოდი. 

პრეზიდენტის არჩევნებზე ბიძინა ივანიშვილის პოზიციამ გამოიწვია აღფრთოვანება ელჩებში და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. მან გააჟღერა ზუსტად იგივე პოზიცია, რაც თქვა ეთერში, საჯაროდ, ინტერვიუს დროს. მთლიანად შეხვედრა იყო ძალიან კარგი, ბევრი დადებითი ემოციით და პოზიტიური შეფასებით. ვისაც სიმართლე აინტერესებს, სიმართლე ესაა“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე საუბრისას განაცხადა: „ამასწინათ, რომ იყვნენ მასთან ელჩები, დასავლეთის ქვეყნების, მათ უთხრეს, რომ თუ ის დააყენებდა კანდიდატურას, ეს იქნებოდა ძალიან ცუდი, პრაქტიკულად დააშანტაჟეს და დაემუქრნენ“.