ყველა ადამიანს უნდა გვერდით დგომა და ნუგეში. პირადად მე, საპატიმროში მამა გიორგისთან ამ მიზნით ვიმყოფებოდი, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ქიტიაშვილი) განუცხადა, რომელიც ე.წ. „მატოსოვის ციხეში“ გუშინ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან (ბერბიჭაშვილი) ერთად იმყოფებოდა. მისი თქმით, „ძირითადი მაინც მამა გიორგის მონახულების მიზანი ნუგეშისცემა და მდგომარეობის გაგება იყო.
„ძირითადი მაინც მამა გიორგის სულიერი მდგომარეობა და ჯანმრთელობაა. სულიერად მტკიცედ არის, კარგადაა. ფიზიკურად ცოტა პრობლემები აქვს, ისეთი რაღაც საგანგაშო არა, რაც იმ გარემოს შეეფერება, ისეთი. მას ამჟამად მღვდელმსახურება შეჩერებული კი აქვს, მაგრამ ადამიანები ვართ ჩვენ. ყველა ადამიანს უნდა გვერდით დგომა და ნუგეში. ამ მიზნით პირადად მე იქ ვიმყოფებოდი“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მეუფე ილარიონის თქმით, პირადად მას მამა გიორგისთვის კითხვები არ დაუსვამს. მიტროპოლიტის განცხადებით, შესაძლოა მეუფე გრიგოლმა მამა გიორგის საკითხი წმინდა სინოდზე დასვას. მიტროპოლიტს არ დაუკონკრეტებია, რა კუთხით იქნება სინოდზე საუბარი.
„ეს ისეთი საკითხია, რომ ძალიან რთულია კონკრეტიკა და საუბარი. როგორც თავად მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, თვითონ უნდა ისაუბროს ამ საკითხთან დამოკიდებულებაში. იგი ამ თემაზე ადვოკატებსაც ესაუბრა. ახალი ისეთი არაფერი ყოფილა. ჩვენ მოვინახულეთ მამა გიორგი. ალბათ, ესეც უნდა მოხდეს, რომ მან გახსნილად უნდა ისაუბროს ამ საკითხებზე წმინდა სინოდის წინაშე და შემდგომ დასკვნები გაკეთდება. სავარაუდოდ წმინდა სინოდზე დააყენებს“, – განაცხადა მეუფე ილარიონმა. იგი არ გამორიცხავს, რომ მამა გიორგი საპყრობილეში შესაძლოა სხვა მღვდელმთავრებმაც მოინახულონ.
სასულიერო პირებთან შეხვედრის სურვილი თავად დეკანოზმა მამალაძემ გამოთქვა.