ზვიად კუპრავამ თქვა, რომ ტელეფონი, რომელშიც სარალიძის სახლში გაკეთებული არასრულწლოვნებთან გასაუბრების ჩანაწერი იყო, ბავშვმა დაკარგა, ხოლო ხელნაწერი ფურცლები სადღაც ოფისში იყო, - ამის შესახებ თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილემ, კონსტანტინე სირაძემ პარლამენტში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
კონსტანტინე სირაძისგან კომისიის წევრი „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძე დაინტერესდა, თუ რატომ არ წარმოადგინა ზვიად კუპრავამ ჩანაწერი, რომელიც მან ზაზა სარალიძის სახლში გააკეთა არასრულწლოვნებთან გასაუბრების დროს. რაზეც კონსტანტინე სირაძემ უპასუხა, რომ ზვიად კუპრავამ ყველანაირად აარიდა თავი ამ ჩანაწერის გამოძიებისათვის მიწოდებას.
„სამწუხაროდ, კუპრავამ ეს ჩანაწერი არ წარმოადგინა, ჯერ თქვა, რომ ტელეფონი იყო დაზიანებული და შემდეგ თქვა, რომ ეს ტელეფონი ვეღარ იპოვა, რადგან მისცა ბავშვს და მან სად წაიღო, არ იცის. ასევე ვიცი, რომ მისი ჩვენებაა საქმეში, ის ამბობს, რომ ფურცელზეც ვიწერდი ამ ყველაფერსო, როდესაც მოვთხოვეთ ამ ხელნაწერების წარმოდგენა, რომელიც თითქოს უმნიშვნელოვანესი იყო, მან თქვა, რომ სადღაც ოფისში ჰქონდა და არ იცის“, - აღნიშნა სირაძემ.