თავის დროზე ითქვა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს იმიტომ გამოეყო, რომ გიორგი მღებრიშვილისთვის ადგილი მოეძებნათ

თავის დროზე ითქვა, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შსს-ს იმიტომ გამოეყო, რომ გიორგი მღებრიშვილისთვის ადგილი მოეძებნათ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-დან გამოყოფის გადაწყვეტილება, როგორც მაშინ ითქვა, იმიტომ მიიღეს, რომ გიორგი მღებრიშვილისთვის ადგილი მოეძებნათ, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა, რითაც არაოფიციალურ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლოა, კვლავ შს სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნდეს. 

როგორც ძაბირაძემ აღნიშნა, „ცუდია, რომ გათავისუფლებული მაღალჩინოსნისთვის ვიღაცა ადგილს ეძებს, დაწესებულება იქმნება და ა.შ.

„გამოყოფის გადაწყვეტილება, მაშინ როგორც ითქვა, იმიტომ მიიღეს, რომ გიორგი მღებრიშვილისთვის ადგილი მოეძებნათ, რადგან ის შს მინისტრობიდან გაათავისუფლეს. ეს პროცესები არც სიკეთის მომტანია და არც დიდად აზარალებს ქვეყანას. საქმე იმაში კი არაა ცალკე იქნება თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში, არამედ იმაში, თუ რა ფუნქციები აკისრია და როგორ ასრულებს მოვალეობებს. რა თქმა უნდა, ცუდია ის, რომ გათავისუფლებული მაღალჩინოსნისთვის ვიღაცა ადგილს ეძებს, დაწესებულება იქმნება და ა.შ. არც იმაზე მიუციათ საზოგადოებისთვის განმარტება, თუ რატომ გამოეყო, დღეს ვინმე განმარტავს რატომ უნდა დაბრუნდეს? ესაა პრობლემა - ვიღაც გადაწყვეტს და საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, რომ ახლა იქნება დამოუკიდებელი ან ახლა იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროში? რატომ გააკეთეს ან ერთი ან მეორე, კაციშვილი არ თვლის საჭიროდ, რომ ამაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს“, - განაცხადა ძაბირაძემ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოა, შესაძლოა, კვლავ შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანდეს.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მთავრობა აღნიშნული სამსახურის შს სამინისტროში გაერთიანების ვარიანტზე მუშაობს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის შემცვლელის დანიშვნას არ ჩქარობს.