უფრო უპრიანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუძღვეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს

უფრო უპრიანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუძღვეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს

უფრო უპრიანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუძღვეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, - ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც არაოფიციალურ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლოა, კვლავ შსს-ში დაბრუნდეს.

„სახანძრო და სხვა ტიპის კატასტროფების მომსახურება ხომ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში? ამიტომ, ალბათ, შსს რომ გაუძღვეს ამ სამსახურს უფრო უპრიანია, ვიდრე ის, რომ იყოს დამოუკიდებელი, რაც ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

პოლიტოლოგის შეფასებით, თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან საგანგებო სიტუაციების მართვის რგოლის გამოყოფის გადაწყვეტილება გიორგი მღებრიშვილთან მიმართებაში არსებულ „საკადრო ამოცანას“ უკავშირდებოდა. 

„რეალურად, ეს იყო საკადრო ამოცანა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოა, შესაძლოა, კვლავ შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანდეს.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, მთავრობა აღნიშნული სამსახურის შს სამინისტროში გაერთიანების ვარიანტზე მუშაობს, თუმცა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც პრემიერ-მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი მღებრიშვილის შემცვლელის დანიშვნას არ ჩქარობს.