მოვისმინეთ ინტერვიუ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მართლმსაჯულების სისტემა საერთოდ ნახსენებიც კი არ იყო, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განუცხადა.
მისივე თქმით, მართლმსაჯულების სისტემაში მთავარ პრობლემად რჩება ის, რომ ამ სისტემისადმი ნდობა არ იზრდება.
"სასამართლო სისტემა, მართლმსაჯულების სისტემა რჩება ჩვენი სახელმწიფოს “აქილევსის ქუსლად“. რა არის მთავარი პრობლემა ამ სისტემაში მე სწორედ ეს კითხვა დავსვი კონფერენციაზე. ერთ-ერთი პასუხი იყო გადატვირთულობა. ეს ნამდვილად არის მთავარი პრობლემა, მაგრამ სასამართლო სისტემაში არის ის, რომ არ ხდება ისეთი ადამიანების მოსამართლეებად გამწესება, რომელიც ამ სისტემას მოუტანს ნდობას.
ვიცით, რომ სასამართლო სისტემისადმი ნდობა ვერ იზრდება, სამწუხაროდ. ეს ვერც გაიზრდება, თუ სისტემა არ დაკომპლექტდება ისეთი ადამიანებით, რომლებმაც თავიანთი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში დაამტკიცეს პრინციპების ღირებულებისადმი ერთგულება, რომ ისინი იმსახურებენ იმ საპატიო ღირსებას, რაც არის მოსამართლის მანტია. სამწუხაროდ, ამ პრობლემების გააზრება არ ხდება.
გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ინტერვიუ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. არც ჟურნალისტის მხრიდან და არც რესპონდენტის მხრიდან არათუ გააზრება არ მოხდა ამ პრობლემების, არამედ სიტყვა "მართლმსაჯულების სისტემა" საერთოდ, ნახსენებიც კი არ იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც ორი თუ სამი თვის განმავლობაში ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად გამოხატავენ პროტესტს ქუჩებში, ათასობით მოქალაქე მთავარ პრობლემად ქვეყანაში ასახელებს მართლმსაჯულების პრობლემას. როგორც ჩანს, ეს პრობლემები არ არის ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემათა სიაში", - განაცხადა კოჟორიძემ.
აღნიშნული კომენტარი კახა კოჟორიძემ სასტუმრო "რედისონში" გააკეთა, სადაც სასამართლო სისტემის სტრატეგიის 2017-18 წლების სამოქმედო გეგმის ერთწლიანი პროგრესის ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. ღონისძიებას ასევე ესწრებიან სასამართლოსა და საპალამენტო ხელისუფლების წარმომადგენლები.