ბიძინოლოგები ალბათ იტყვიან, რომ ივანიშვილის ყველაზე დიდი ტყუილი იყო ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე

ბიძინოლოგები ალბათ იტყვიან, რომ ივანიშვილის ყველაზე დიდი ტყუილი იყო ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე

ყველაზე დიდი ტყუილი, რაც ბიძინა ივანიშვილს ამ დრომდე უთქვამს ის იყო, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

"ისტორიკოსები და განსაკუთრებით ბიძინოლოგები, რომლებიც ალბათ, შეისწავლიან მის ყველაზე დიდ ტყუილს, იტყვიან, რომ ამ 6 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ტყუილი ის კი არ იყო, რომ ყველას ექნებოდა უფასო ფული, ან დაბალპროტენციანი კრედიტები და ა.შ., არამედ ის, რომ თურმე დაფიქრდა პრეზიდენტის პოსტის ოპოზიციისთვის დათმობაზე. ეს არის წარმოუდგენელი. ეს არის ტყუილი და არ მოხდება არასდროს. მთელი ინტერვიუს განმავლობაში შეცდომების აღიარების ირგვლივ იგრძნობოდა ერთადერთი გზავნილი - თურმე 6 წლის განმავლობაში ქვეყანა ინგრეოდა, სიღარიბემ მოიმატა და ყველაფერში დამნაშავე არია გიორგი კვირიკაშვილი", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორმა ბანკმა შეჭამა ქვეყანა, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს განცხადება არის საშიში.

"მისი განცხადება ბანკებთან დაკავშირებით არის ძალიან სახიფათო, ძალიან მავნე და ამან შეიძლება მთლიანად მოშალოს ქვეყნის ეკონომიკა. ცეცხლს ეთამაშება ბიძინა ივანიშვილი. თუ მას უნდა "ქართუ" და "ლიბერთი ბანკები" გააერთიანოს და მოუგოს "თიბისი ბანკს", მაშინ გავიდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჰქონდეს ისეთივე ხარისხი, როგორიც მათ აქვთ. კეთილი ინებოს და შეწყვიტოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესებით ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების მოშლა", - აღნიშნა რომან გოცირიძემ.