თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რას ფიქრობთ, როცა ყვითელი ავტობუსი გაივლის - მერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ

თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, რას ფიქრობთ, როცა ყვითელი ავტობუსი გაივლის - მერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ

ჩვენი ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე მუშაობისას მთავრობას ორი ამოცანა ჰქონდა - აღმოეფხვრა მძიმე შედეგები, რომელიც თბილისში და საქართველოშია და გადაეყვანათ ეს მიმართულება ახალ რელსებზე.

"სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ჩვენი ისტორიის ბოლო წლებში გარემოსთან დაკავშირებული პოლიტიკა იყო უკიდურესად არაეფექტური, მე ვიტყოდი, დანაშაულებრივიც კი. ამას სჭირდება სასწრაფოდ გამოსწორება და პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. აქედან გამომდინარე, სწორედ მწვანე ეკონომიკა იქნება მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მწვანე ეკონომიკაში თბილისს აქვს უნიკალური როლი. სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ბოლო წლებში ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და დანაშაულებრივ ქმედებებს გარემოს მიმართ. აქედან გამომდინარე, როცა ახალ პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე ვმუშაობდით, გვქონდა ორი ამოცანა: აღმოვფხვრათ მძიმე შედეგები, რომელიც თბილისში და საქართველოში გვაქვს და როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება ახალ რელსებზე. აქედან გამომდინარე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ მწვანე ეკონომიკა იყოს წარმატებული. რამდენიმე დღეში გავაკეთებ ჩვენი მწვანე ეკონომიკის პრეზენტაციას. ჩვენ გადავწყვიტეთ ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მივმართოთ ქვეყნის ცენტრალური ბიუჯეტიდან იმისთვის, რომ თბილისში უახლოესი თვეების განმავლობაში პრინციპულად შევცვალოთ ის ეკოსისტემა, რაც უკავშირდება სატრანსპორტო სისტემას, რომელიც არის ძალიან არაეფექტური. თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება ვიცი, როცა ყვითელი ავტობუსი გაივლის რას ფიქრობთ, მერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ. მაგრამ ამის აღმოფხვრა ერთ და ორ კვირაში შეუძლებელი იყო",- განაცხადა ბახტაძემ.