ძალიან გთხოვთ, ჟესტიკულაციით, მიმიკით, დამცინავი ტონით ნუ გამოვალთ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც კომისიის სხდომაზე იკითხება, - ამ სიტყვებით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამძიებო კომისიის სხდომაზე “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.
სხდომაზე დეპუტატებს შორის შელაპარაკება მას შემდეგ მოხდა, რაც უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, ნუ შეაწყვეტინებდნენ კითხვების დასმას. ოხანაშვილს მხარი მამუკა მდინარაძემ დაუჭირა.
“შეფასებებისგან თავი შევიკავოთ და იქნებ ემოციებისგან დავცალოთ ეს სიტუაცია. მე არავის ვეჭრებოდი საუბრისას და ვთხოვ ყველას, დამასრულებინეთ კითხვების დასმა. აქ მე შემიძლია ძალიან ბევრი ფაქტი გითხრათ ახლა და გითხრათ, რომ ვიღაცის ადვოკატირებას ეწევით, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. მე მინდა მჯეროდეს, რომ თქვენი შეკითხვები იმას ემსახურებოდა, რომ გაიგოთ სიმართლე და არა იმას, რომ ვინმეს ადვოკატირებას ეწევით. არ ვამბობ ამას. ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ თუკი ვინმე სვამს შეკითხვას, ეს რაიმეს ემსახურება. ჩვენი შეკითხვები ემსახურება იმას, რომ პროკურატურის მხრიდან გავიგოთ სამართლებრივი შეფასება, რომ შეგვეძლოს ეს შეფასებები კრიტიკულად შევაფასოთ“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
თავის მხრივ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის მხრიდან არც ერთი კითხვა არ დასმულა, რომელიც სცდებოდა მ.კ.-ს ბრალდების მხარეს და ა.შ.
“თქვენ გამოდიხართ მ.კ.-ს ბრალდების მხარედ და სხვა არც ერთი მოსაზრება თქვენგან არ გაგვიგია. თქვენ იცავთ და არც ერთი განსხვავებული პოზიციის შესახებ კითხვა არ დაგისვამთ გ.კ.-ს შესახებ. მე ამას აღარ გავიმეორებ, რადგან ჩვენ არ გვინდა ასეთი პოზიციები ვაფიქსიროთ. როცა ადამიანები იკითხებიან, ჟესტიკულაციით, მიმიკით, დამცინავი ტონით ნუ გამოვალთ მათ წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.
საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის ყოფილი პროკურორის და მისი ყოფილი მოადგილის გამოკითხვა მიმდინარეობს.