არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა

არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა

არც ერთ დეპუტატს არ გაუკეთებია ის, რაც დავით ჭიჭინაძემ გააკეთა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, წარმოაჩინეს, თითქოს კობახიძის მისამართით გაკეთებული განცხადების შემდეგ მოხდა ჭიჭინაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, თუმცა მას ბევრი ფაქტის დასახელება შეუძლია, როცა ჭიჭინაძემ შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა. 

“ის, რაც ამ კონკრეტულმა დეპუტატმა გააკეთა, არ გაუკეთებია არც ერთ სხვა დეპუტატს. როდესაც ჩვენ კოლეგებს უწოდებ კომკავშირელებს, კოლექტიურ ზარდიაშვილებს და ასე შემდეგ, - ეს არის წითელი ხაზის გადაკვეთა. ასეთი რამ არ გაუკეთებია სხვა დეპუტატებს. ეს იყო ერთი კონკრეტული დეპუტატი, რომელმაც გადაკვეთა ყველა ზღვარი. ჩემთვის აუხსნელია, თუ რატომ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. შეიძლება რაღაც ეჭვები და ვარაუდები არსებობდეს, მაგრამ მაინც აუხსნელია. რაც შეეხება შემდგომ რაიმე გადაადგილებას გუნდში, ეს მოსალოდნელი არ არის. ჩვენ გვექნება კონსულტაციები ყველა საკითხზე გუნდში და ამ კონსულტაციების საფუძველზე იქნება ყველა გადაწყვეტილება მიღებული. მან ყველა წითელი ზღვარი გადაკვეთა. მე ვუსმენდი ექსპერტებს, რომლებმაც თქვეს, თითქოს პარტიული დისციპლინა არ არსებობს, ეს არის ღიმილისმომგვრელი. ვინც ოდნავ ერკვევა ამ საკითხში, თუ როგორ მუშაობს ევროპული პარტიული სისტემები, ყველამ იცის, რომ პარტიული დისციპლინა არის მათი მოგონილი და შენარჩუნებული. მე თავად მაქვს დისერტაცია დაცული პარტიებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროდ, ასეთი ექსპერტები გვყავს.

“პირობითად, ოთარ კახიძემ რომ თქვას, რომ მისი გუნდის წევრები არიან „კოლექტიური ბოკერიები ან გოგორიშვილები“, ეს გახდება მყისიერად მისი გარიცხვის საფუძველი. არ შეიძლება ანბანურ საფუძვლებზე ვიდავოთ. არასწორად ხდება ამ ყველაფრის წარმოჩენა. როცა თვეების განმავლობაში ერთი დეპუტატი შეურაცხყოფას აყენებს თავისი გუნდის წევრებს, დეპუტატებს, ბუნებრივია, ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პროცედურების თანახმად, ჭიჭინაძეს შეუძლია პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილების გასაჩივრება პოლიტიკურ საბჭოში და „იქ თავისი თვალით ნახავს, თუ ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი, მისი პარტიიდან გარიცხვის“. 

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ პარტიის შიგნით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან.