სტადიონზე სიდედრის ტრუსით

სტადიონზე სიდედრის ტრუსით

საქართველოში ფეხბურთი სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა. მის მიმართ სიყვარულმა სახალხო ხასიათი მიიღო და არ მეგულება ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელიც “ტყავის ბურთის” მიმართ გულგრილი იქნება. ამ “საერთო-საყოველთაო” გატაცებას გვერდს ვერც ჩვენი მსახიობები და კინორეჟისორები აუვლიდნენ. “პირველი მერცხალი”, “ ფეოლა”, “ ბურთი და მოედანი” - ქართული კინოხელოვნების საგანძურშია შესული და ნებისმიერი თაობისა და ასაკის თანამემამულე მაყურებლის საყვარელ კინოსურათებად ითვლება. დღევანდელ წერილში ქართველი აქტიორებისა და ფეხბურთის სიყვარულზე, ასევე ზემოთჩამოთვლილი ფილმების გადაღებების დროს დაფიქსირებულ “კულისებსმიღმა” მოვლენებზე ვისაუბრებთ.

 “პირველ მერცხალში” მრავალი ცნობილი ქართველი კინომსახიობი მონაწილეობდა. გულჩინა დადიანი დოდო აბაშიძის ცოლის როლს თამაშობდა. ერთ დღესაც ქალბატონი გულჩინა “სერიოზულად” ჩაფიქრდა და კოლეგებს განუცხადა, რომ მათი საქმე საკმაოდ “ცუდად” იყო. როდესაც “მიზეზის” დასახელება მოსთხოვეს, “შეწუხებული” სახით შემდეგი განცხადება გააკეთა: “ნამეტანი ბევრი თავადიშვილები ვართ ერთად შეყრილი და ადრიანი კომუნისტების ეპოქა რომ იყოს გაციმბირება არ აგვცდებოდაო”. შემდეგ კი ფილმში მონაწილე მსახიობების გვარები ჩამოთვალა: დადიანი, აბაშიძე, ჯაიანი, ლორთქიფანიძე...

“პირველი მერცხალის” გადაღების დღეებში, მოულოდნელად ფოთის ნავსადგურში ბრიტანელების გემი შემოვიდა. მგზავრები ინგლისიდან იყვნენ და ძირითადად ახალგაზრდა ჭაბუკებს წარმოადგენდნენ. ეს ყმაწვილები, ქალბატონ ნანა ჯორჯაძეს ძალიან მოეწონა და მათი სურათში გადაღება მოინდომა. ინგლისელები იოლად დათანხმდნენ და არანაირი ანაზღაურებაც არ მოუთხოვიათ. ისინი მონაწილეობდნენ იმ ეპიზოდებში, სადაც გემზე უცხოელები არიან. თავისუფალ დროს ჩინებულად ილხენდნენ, ფოთში ჩიბუხებით დადიოდნენ და ჰაშიშს სრულიად აშკარად ეწეოდნენ. ფოთის იპოდრომზე გადაღებებისას ამ ბიჭებმა თავიანთი ამერიკული გახეხილი ჯინსები გაიხადეს და ფეხბურთელების ფორმები მოირგეს. ვიღაცამ არ მოიპარა ის ჯინსები? ატყდა ერთი ამბავი. ფეხზე დადგა სრულიად საქარველოს კა-გე-ბე.

 

თარჯიმანი ემუდარებოდა ჩვენს სამართალდამცველებს, დაანებეთ თავი ძებნას, ამ უცხოელებს არ უნდათ ის ჯინსებიო და არაფერსაც ითხოვენო. მაგრამ ვინ დაუჯერა. დაიჭირეს დამნაშავეც, ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ბიჭი. დადიოდნენ ბრიტანელები ფოთის მილიციაში შემდეგ, იხვეწებოდნენ, არაფერ შუაშია ის ახალგაზრდა, რადგან ჩვენ თავად ვაჩუქეთ ჯინსებიო. ძლივს გამოაშვებინეს. განშორების წინ, ქართველებმა სტუმრებს სვანური ქუდები აჩუქეს. როცა გემი პორტიდან გადიოდა, მოიხადეს ეს სვანური ქუდები და მასპინძლებს ამგვარად დაემშვიდობნენ. ჩვენს მსახიობებს მოულოდნელად ტირილი აუტყდათ.

“პირველ მერცხალში” ერთ-ერთ მთავარ როლს დოდო აბაშიძე ასრულებდა. მსახიობი დიმა ჯაიანი ბატონ დოდოზე მოგვიანებით შემდეგს იხსენებდა: “ დოდო აბაშიძე ყოველ დილით ვარჯიშობდა, გავიდოდა ზღვაზე, ფოლადივით მაგარ სხეულს იკაჟებდა. მერე ორ ახალგაზრდას დაუძახებდა. ბიჭები ბატონ დოდოს მკერდზე ფეხით შედგებოდნენ და მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს დოდო რას არ ჰყვებოდა. ისეთი მკლავები ჰქონდა, მისი გადამწევი საქართველოში არ მეგულებოდა. უძლიერესი, გულადი არც ჩხუბს დაერიდებოდა. ერთხელ შევედი სასტუმროში და საოცრად ნაზი მუსიკა მესმის. ვიღაც როიალზე ლისტს უკრავდა. გავედი ფოიეში და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – დოდო აბაშიძე იყო. ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს კეთილი გოლიათი ასე უკრავდა. ეს არავის გადაუღია, მაგრამ ხომ ღირდა ერთ ფილმად!”.

იპოლიტე ხვიჩია “რეალურ” ცხოვრებაში სულ სხვანაირი იყო. კეთილშობილი და მოწესრიგებული, “პირველი მერცხალის” გადაღებების დროს მოედანზე ყოველთვის პირველი ცხადდებოდა, ჩაიცვამდა, დაჯდებოდა და დანარჩენ კოლეგებს ელოდებოდა. აზარტული იყო ძალიან და განსაკუთრებით ნარდი უყვარდა. ხშირად იგებდა კიდეც, მხოლოდ დოდო აბაშიძესთან მარცხდებოდა. თავის ემოციებსაც ამ დროს ამჟღავნებდა – ნარდის დაფას ამტვრევდა, კამათელს შორს ისროდა, იყო საშინელი ღრიალი. დოდოს კი არა, ნარდს და კამათელს ეჩხუბებოდა. ეცინებოდა დოდო აბაშიძეს, ჯინაზე არაფერს უთმობდა იპოლიტეს.

ფილმი “ბურთი და მოედანის” გადაღების დროს იპოლიტე ხვიჩიას ხან მოკლე ტრუსი ჩააცვეს, ხან – გრძელი. ვერც-ერთი ვერ მოარგეს. ბოლოს უთქვამს, მე თვითონ მოვიტანო. მართლაც მოუტანია. გადაიღეს. მხოლოდ ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ უთქვამს, რომ: “ სარეცხის თოკიდან ჩემი სიდედრის ტრუსი ჩამოვიღე და ის ჩავიცვიო”.

სიდედრზე გამახსენდა. მერაბ თავაძე იხსენებდა: “ კინოსურათი “თოჯინები იცინიან” გადაღების დროს ბატონ იპოლიტეს ყურება სიცილის გარეშე არ შემეძლო. რეჟისორს მორიდებით უთქვამს: ბატონო იპოლიტე, ცოტა ხნით დაგვტოვეთო, - კი ბატონო, თუ მაგი უშველის რეზიკოს. სულ წავალ სახლში, სხვა არა იყოს რა, მთელი რვა საათია, სიდედრისთვის თვალი არ მომიკრავსო. იმდენი ვიცინეთ, იმ დღეს ვერავინ ვერაფერი გავაკეთეთ”.

იპოლიტე ხვიჩია ყოველთვის შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფებოდა და საკუთარ ფიზიკურ კონდიციებს “ტყავის ბურთის” სიყვარულს აბრალებდა. იმ ხანად თეატრებს შორის საფეხბურთო შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ხვიჩიაც მუდმივად, ცენტრალური თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებდა. ერთხელაც მსახიობის პროფესია მობეზრდა და ფეხბურთელობა გადაწყვიტა. იმ დროს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გავრილ კაჩალინი იყო. იპოლიტე ხვიჩიამაც “დინამოს” თავკაცს შემდეგი განცხადება აახლა:

“მე, იპოლიტე ალექსანდრეს-ძე ხვიჩია, მშობლების ხელმოკლეობის გამო დავიბადე ქალაქ ხონში. დედაჩემმა აკვნიდანვე შემაყვარა ბურთი. ახლაც სიამოვნებით ვიგონებ იმ წუთებს, როდესაც აკვანში ვტიროდი და მამაჩემი დედაჩემს გასძახებდა: ჩაჩარე, ქალო, მაგ დალეულს ბურთი პირში, თორემ გადავაგდებ ფანჯრიდანო. ეს საკმარისი აღმოჩნდა, გავმხდარიყავი ფეხბურთელი. ახლა გთხოვთ მიმიღოთ თბილისის “დინამოში” და საჯაროდ ვდებ პირობას:

 

1.         არასდროს დავლევ გაკეთებულ ღვინოს.

2.         არასდროს არ ავიცილებ და არ ავაცილებ სანაძლეოებს.

3.         გუნდში მივატოვებ არტისტობას და გავხდები სერიოზული კაცი.

4.         საწვრთნელ ვარჯიშზე გამოვივლი ხანდახან, მწვრთნელი რომ ძალიან არ შევაწუხო და თანაც მთლად რომ არ დავავიწყდე.

5.         თამაშის მსვლელობის დროს მსაჯს მხოლოდ მშობლიურ ენაზე შევაგინებ.

6.         არასდროს მივიტან ჯამაგირს სახლში.

7.         საერთოდ მივატოვებ ცოლ-შვილს და მეტი რაღა ვქნა, არ ვიცი. ხოლო თქვენ, ბატონო გავრილ, პირადად გჩუქნით მოკლემეტრაჟიან ფილმს “ ბურთი და მოედანი”. თქვენი თვალით ნახეთ და დარწმუნდით, როგორი მონაცემები მაქვს. ოქროს მედალს ახლავე თუ გადმომცემთ, ნამეტანი მადლობელი დაგრჩებით”.

       

ცნობილი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი, პარალელურად მსახიობიც გახლდათ და ერთგვარად ორ პროფესიას ემსახურებოდა. ბატონ ნუგზარს, საფეხბურთო ან საკალათბურთო შეხვედრების წაყვანისას სხვადასხვა კურიოზები ხშირად შემთხვევია და ეს ალბათ ცალკე წერილის თემაა. დღეს კი მის რამდენიმე სახალისო “ინციდენტს” გავიხსენებთ და მას თავად ნუგზარ ჯუღელის სიტყვებით შემოგთავაზებთ:

“იმ დღეს თბილისის “დინამო” რუსეთის რომელიღაცა გუნდს ეთამაშებოდა. აი, ვაცხადებ, ბურთით გუცაევია, ვოვამ მოატყუა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე და ვიკბინე ენაზე, ოპერატორმა დუბლი გაიმეორა, სადაც გუცაევმა მხოლოდ სამი კაცი მოატყუა. უცებ ვერაფერი უკეთესი ვერ მოვიფიქრე და საზეიმო ხმით ვაცხადებ: „ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მართალია, გუცაევმა სამი კაცი მოატყუა, მაგრამ ოთხი კაცი ორი წუთის წინ მოატყუა და გამოცხადება ვერ მოვასწარი, ახლა შევკრიბე მეთქი.

  

ერთხელაც, საბჭოთა ახალგაზრდული ნაკრები საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებს ეთამაშებოდა. საბჭოთა გუნდში ქართველი თამაშობდა, გვარად მჟავანაძე. ვაცხადებ,--მჟავანაძეს აქვს ბურთი, ატყუებს ერთ ბერძენს, ატყუებს მეორეს, მესამეს... დედა, დედა, დედა, რა მატყუარა ყოფილა კაცო ეს მჟავანაძე – მეთქი. ვიკბინე მაშინაც ენაზე, მაგრამ გვიან იყო. რატომ ვიკბინე და იმიტომ, რომ მაშინ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე იყო და მე ვყვიროდი, მჟავანაძე მატყუარა ყოფილა—მეთქი. ორი თვის პრემია მომიხსნეს.“