“ქართულ ოცნებაში“ რამდენიმე პარტიაა და იქ რომ გადავიდე, რას იზამენ, იმ პარტიებსაც გარიცხავენ?!, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურად მობილიზებულია, რათა საზოგადოებას აჩვენოს, თუ როგორია დეპუტატი. ჭიჭინაძის განცხადებით, ის არ აპირებს მოსახლეობის იმედების გაცრუებას და აქტიურ პოლიტიკაში რჩება.
დავით ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი განცხადებებისა, არის თემები, რომელზეც ხმამაღლა აქამდე არ უსაუბრია, ვინადან მიაჩნია, რომ პოლიტიკაში გარკვეული დათმობებიც საჭიროა. დეპუტატი და მმართველი პარტიის უკვე ყოფილი წევრი „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისასაც აღნიშნავს, რომ მისი პარტიიდან გარიცხვა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული შეიძლება არ იყოს.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. „გასული რამდენიმე თვის განმავლობაში მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს. დავით ჭიჭინაძემ არაერთგზის უხეშად დაარღვია პარტიული დისციპლინა და საყოველთაოდ აღიარებული მორალური და ეთიკური ნორმები. „ქართული ოცნებისთვის“ შიდაპარტიული დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება სახელმძღვანელო პრინციპებია. პარტიის ყველა წევრს აქვს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, თანაგუნდელების შეურაცხყოფა, მორალური და ეთიკური პრინციპების დარღვევა და პოლიტიკური გუნდისთვის ზიანის მიყენება სცილდება შიდაპარტიული გამოხატვის თავისუფლების ყოველგვარ ზღვარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნო ერთხმად ადგენს, პარტიიდან გაირიცხოს მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, დავით ჭიჭინაძე,“ - აღნიშნულია სამდივნოს გადაწყვეტილებაში.
გადაწყვეტილებას ხელს აწერს „ქართული ოცნების“ სამდივნოს ხუთივე წევრი: კახა კალაძე, გენერალური მდივანი; ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი; გიორგი ვოლსკი, პოლიტიკური მდივანი; თამარ ჩუგოშვილი, საერთაშორისო მდივანი; დიმიტრი სამხარაძე, რეგიონული მდივანი.
პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილების შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნებიდან" აცნობეს.