თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონსტიტუცია რაღაც კომპრომისების საფუძველზე რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას მოერგო, მინიმუმ ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა

თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ კონსტიტუცია რაღაც კომპრომისების საფუძველზე რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას მოერგო, მინიმუმ ჩვენ ეს უნდა გვცოდნოდა

შრომის უსაფრთხოების საკითხზე იმაზე აქცენტირება, რომ აქ ვიღაცის ხათრით კომპრომისი გაკეთდა, არც ერთ შემთხვევაში გუნდს დადებითად არ ახასიათებს - თუ ეს კომპრომისი არის ადამიანის უფლებების საზიანოდ, ეს კომპრომისი არ უნდა გაკეთებულიყო, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა. 

ამ კონტექსტში ფოფხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “საკითხი გუნდის ფარგლებში სხვანაირი მსჯელობის საგანი უნდა გამხდარიყო“. “ჩვენ ყველა ერთად გიორგი კვირიკაშვილს დავარწმუნებდით, რომ ასეთი კომპრომისი არ უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ თუ ასეთ თემებზე ერთმანეთთან ორი ადამიანი დაიწყებს საუბარს და გუნდი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ასეთი საუბრის დეტალების გასაჯაროებაც სწორი არ არის“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ. 

ამასთან, სააგენტოს კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მწვავე კრიტიკის გამო დღის წესრიგში უმრავლესობიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის საკითხი დადგეს, ფოფხაძემ განაცხადა, რომ “ასეთ შემთხვევაში დათო მარტო არ დარჩება“. ფოფხაძის თქმით, მისთვის მიუღებელია განსხავავებული აზრის გამო, თუნდაც ეს პარლამენტის თავმჯდომარეს ეხებოდეს, უმრავლესობიდან ვინმეს გარიცხვა. 

“პარლამენტის თავმჯდომარე და დავით ჭიჭინაძეც არიან გუნდის წევრები. გუნდურობა მოითხოვს, როგორც დავით ჭიჭინაძის აზრის გათვალისწინებას, ასევე - ირაკლი კობახიძის. ჩვენ სტატუსიდან გამომდინარე, სხვადასხვა როლები გვაქვს, თუმცა გუნდის წევრები ვართ და არავინ არივის პოზიციას არ უნდა ერგებოდეს. თუკი პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ახალი რედაქციის კონსტიტუცია რაღაც კომპრომისების საფუძველზე რაღაც პოლიტიკურ მოცემულობას მოერგო, ეს ჩვენ მინიმუმ უნდა გვცოდნოდა, როცა ასეთი პოზიცია ფიქსირდებოდა. გუნდში არის მემარცხენე ორიენტაციის ძალები, რომლებიც შრომის ინსპექციის საკითხზე საკუთარ პოზიციას ყოველთვის აფიქსირებდნენ და დავით ჭიჭინაძის გარდა, ბევრია, ვისგანაც ეს პოზიცია მომისმენია. ჩვენ ვიცით, რომ გუნდში სხვადასხვა საკითხზე არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ როცა რაღაც საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ხდება, მაშინ უნდა შევკრებილიყავით და ეს გადაწყვეტილება გუნდის გადაწყვეტილება ყოფილიყო. თუკი ირაკლი კობახიძემ და გიორგი კვირიკაშვილმა ერთმანეთთან რაღაცაზე დაილაპარაკეს და ერთმანეთში შეთანხმდნენ, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მხარე არ გამოვდივართ. თუკი საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ასეთი განსხავავებული პოზიციები იყო, ყველაზე სწორი იქნებოდა, საკითხი უმრავლესობასთან განხილვის საგანი გამხდარიყო. ჩვენ კონსტიტუციას როგორც კომპრომისის თემას ისე ვუყურებდით, რადგან 113 ხმის გარეშე ვერ ვიღებდით და ვიღაცას რაღაც უნდა დაგვეთმო და რაღაც შეღავათზე წავსულიყავით. თუ ამ 113-ს ერთი მანდატი დააკლდებოდა, კონსტიტუციას რეალურად ვეღარ იღებდი და თუ ვიღაცისთვის რაღაც თემა პრინციპულად მიუღებელი იქნებოდა, ბუნებრივია, ეს პოზიცია ვერ შეიცვლებოდა. რეალურად ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფომ საკუთარი პოზიტიური ვალდებულება აამუშაოს იმ შემთხვევებში, როცა დასაქმებული საკუთარი უფლებების დაცვას ვერ ბედავს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ. 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უმრავლესობა მზად იყო კონსტიტუციაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მკაცრი ჩანაწერები აესახა, მათ შორის საქმე ეხებოდა ჩანაწერს შრომის ინსპექციის თაობაზე, თუმცა ამის წინააღმდეგ მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელობა წავიდა.