ჩვენი თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარება იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან

ჩვენი თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარება იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან

გამორიცხულია რამე პოლიტიკურ დევნაზე საუბარი - არსებობს კითხვები და მას პასუხი უნდა გაეცეს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილის და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში დაბარების თაობაზე დასმულ შეკითხვას. 

“თუკი რაიმე კითხვა არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენი თანაგუნდელების პროკურატურაში დაბარება იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დამნაშავეები არიან. შესაძლოა პროკურატურაში ადამიანი დაიბარონ თანამდებობაზე ყოფნის დროს და თანამდებობის დატოვების შემდეგაც. არსებობს კითხვები, დაველოდოთ რა იქნება პასუხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ. 

პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ალავიძე და დიმიტრი ქუმსიშვილი გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე.

“ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ პროკურატურაში.