ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ნათქვამი უარი და როგორც წესი შემდგომში ამ ადამიანებისგან მოდიოდა ჭორები

ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ნათქვამი უარი და როგორც წესი შემდგომში ამ ადამიანებისგან მოდიოდა ჭორები

რა თქმა უნდა, ნებისმიერ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებას ექნება, მე პასუხს გავცემ, დასამალი არავისთან არაფერი მაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრ ქუმსიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კარიერის განმავლობაში ღირსეულად და პატიოსნად ემსახურა ქვეყანას და ასე აპირებს გაგრძელებას. 

„საგამოძიებო უწყებაში გამაფრთხილეს, რომ საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ გავავრცელებ. ჩემი გადმოსახედიდან კითხვები იყო ძალიან მარტივი და არა პირდაპირ ჩემთან დაკავშირებული", - აღნიშნა ქუმსიშვილმა. 

კითხვაზე: არის თუ არა გამოძიება დაწყებული დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე, ეკონომიკის ექსმინისტრმა განაცხადა: "ამაზე ვერაფერს გეტყვით. ამ წუთში განმეორებით გამოკითხვაზე დაბარებული არ ვარ". 

ქუმსიშვილის თქმით, მის მიმართ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ჭორები. "წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ეს ჭორები. ძალიან ბევრ ადამიანზე მაქვს ნათქვამი უარი იმ სახელმწიფოებრივი ხედვიდან გამომდინარე, რომელიც მე გამაჩნდა, როგორც წესი შემდგომში ამ ადამიანებისგან მოდიოდა ჭორები. ეს იყო ის დაკვეთა, რომელიც ჩემი და ჩემი სახელის წინააღმდეგ მოდიოდა",- განაცხადა ქუმსიშვილმა.