რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი საკმაოდ ნეგატიურად უპასუხებს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენთვის ეს ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირი და უშუალო საფრთხეა. ნატო-ს ინფრასტრუქტურის ჩვენს საზღვრებთან გადაადგილება საფრთხეა. შესაბამისად, ჩვენი რეაქცია საკმაოდ ნეგატიური იქნება“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისივე თქმით, „ამჟამად ნატო-ს ინფრასტრუქტურა იზრდება, გაზრდილია ნატო-ს სამხედროების რაოდენობა იმ რაიონებში, სადაც ისინი არ უნდა იყვნენ“.
„ეს დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორია. ჩვენს ურთიერთობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა, პრეზიდენტ ტრამპთან ამ თემაზე არ გვისაუბრია“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ 11-12 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა სამიტის დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.