თუ გამოვლინდება კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედება, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი

თუ გამოვლინდება კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედება, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი

თუ გამოვლინდება კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედება, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ მინდელის შახტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა.

თადუმაძემ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„რამდენადაც მე მახსოვს, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, ეს არ არის პროკურატურის ქვემდებარე საქმე, გამოძიებას ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა არ ახორციელებს, თუმცა, ბუნებრივია, ყველა მიმდინარე საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას პროკურატურა ახორციელებს. პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად, კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვით და თუ გამოვლინდება კონკრეტული პირების დანაშაულებრივი ქმედება, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი“, - განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 6 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შახტის გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.