შალვა თადუმაძე:  პროკურატურის საქმიანობა საკმაოდ სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს

შალვა თადუმაძე: პროკურატურის საქმიანობა საკმაოდ სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურის საქმიანობა სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს. როგორც თადუმაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ საპროკურორო საქმიანობას, არის მოძველებული.

„პროკურატურის საქმიანობა საჭიროებს საკმაოდ სერიოზულ რეფორმირებას. ერთი მხრივ ამას კონსტიტუციური ცვლილება უზრუნველყოფს, მეორე მხრივ კი ნორმატიული აქტები, რომლებიც არეგულირებენ საპროკურორო საქმიანობას. მიმაჩნია, რომ არის მოძველებული და თანამედროვე მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში მოსაყვანი. 

მინდა ვისაუბრო იმ პრობლემებზე, რომლებიც სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით არსებობს. საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ოჯახში ძალადობის კუთხით. თუ კანონმდებლობაში განვახორციელებთ შესაბამის ცვლილებებს, დამცავი ორდერის აღსრულების თანამედროვე მექანიზმები არსებობს ელექტრონული მონიტორინგის კუთხით. ამ კუთხით კანონმდებლობის შეცვლა უფრო ეფექტურს გახდის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.

ძალიან მნიშვნელოვანია აღკვეთის ღონისძიების რეფორმა, გამომდინარე იქედან, რომ არსებული აღკვეთის ღონისძიებების ჩამონათვალი ზუსტად იგივეა, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს და ის არ არის ეფექტური“, - განაცხადა თადუმაძემ.