ჩემს გვერდით დგანან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია, თავის საქმის პროფესიონალები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა დეპუტატებს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ამასთან, ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან.
„გვქონდა შინაარსიანი საუბრები თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამომსვლელს. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ჩემს გვერდით დგანან დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები და რაც მთავარია თავის საქმის პროფესიონალები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი და დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით მივაღწევთ ყველა იმ მიზანს, რომელიც არის ჩვენს პროგრამაში დაფიქსირებული. ჩვენ მზად ვართ, ძალიან აქტიურად ვითანამშრომლოთ პარლამენტთან. ვიქნებით საქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესის გამტარებელი მთავრობა და ამას ძალიან მალე დავამტკიცებთ. მოგმართავთ პარლამენტის ყველა წევრს დაგვიჭიროთ მხარი და ნდობა გამოუცხადოთ აქ წარმოდგენილ გუნდს. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, ახალი გუნდი ხვალიდან შეუდგება საქმეს, ვინაიდან წინ ბევრი სასიკეთო და საინტერესო საქმე გვაქვს გასაკეთებელი. იქნება ცვლილებები, პოზიტიური ცვლილებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.