ბატონო ირაკლი, თურმე ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ თქვენ ორჯერ გამიგრძელებთ სიტყვას და უნდა გთხოვოთ, ახალგაზრდებს იმედს ნუ გავუცრუებთ, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიმართა.
დღეს სოციალურ ქსელში პარტია „გირჩის“ ვერსია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წარიმართებოდა განახლებული მთავრობის დამტკიცების შესახებ პარლამენტში მსჯელობა. „გირჩის“ ვერსიით, გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვის დასმისას დროის ორჯერ დამატებას სთხოვდა.
„ბატონო ირაკლი, თურმე ახალგაზრდებს ტოტალიზატორი გაუკეთებიათ, რომ თქვენ ორჯერ გამიგრძელებთ სიტყვას და უნდა გთხოვოთ, ახალგაზრდებს იმედს ნუ გავუცრუებთ. პარლამენტის მიმართ ინტერესი აქვთ და კარგი იქნება, თუ ამ ინტერესს წავახალისებთ. თან პირობას გაძლევთ, რომ მერე ფრაქციის სახელით აღარ გამოვალ და დროსაც და უმრავლესობის წევრების ნერვებსაც დავზოგავ უფრო მეტად,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამის შემდეგ მან პრემიერ-მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ პრემიერმა უმრავლესობის ტაში მხოლოდ ერთხელ დაიმსახურა.
„ბატონო მამუკა, მინდა აღვნიშნო, რომ სიმბოლური რამ მოხდა. თქვენ გამოსვლისას უმრავლესობას მხოლოდ ერთხელ მოსწყვიტეთ ტაში. არც თქვენს მომავალ გეგმებზე საუბრისას, არც იმ ნათელ გეგმებზე, რომლის კონკრეტული ასპექტები ვერ გავიგეთ, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც წარსულზე ილაპარაკეთ. 10 წლის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი სათბურებს რომ აკონტროლებდა და ახლა რომ ეს ასე არ არის, დაღლილ უმრავლესობას არ დაეზარა ამაზე ტაშის დაკვრა. ბოლოსაც დაგიკრავენ ალბათ ტაშს, თუ ძალიან არ დაიღალნენ,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციონერ დეპუტატს, თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმაც უპასუხა.
„ბატონო გიგა, მეც წავიკითხე ის და ბევრი სხვა საინტერესო კოეფიციენტიც წერია, რომელიც იმედია, დღეს შესრულდება. ჩემი აზრით, ეს არ იყო ყველაზე საინტერესო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ გიგა ბოკერიას საპასუხოდ.