ანტიკორუფციული ხაზის გაძლიერებაში ვგულისხმობ იმას, რომ დღევანდელი ანტიკორუფციული სისტემა საქართველოში დღეს არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ანტიკორუფციული სისტემა და პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს შემთხვევების გამოვლენაზე, მაგრამ ამავე დროს - რისკების პრევენციაზე.
„სამწუხაროდ, ჩვენი სისტემა ამას ვერ უზრუნველყოფს. ამ თვალსაზრისით საუკეთესოდ მიმაჩნია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება, რომელიც თავის მხრივ, ბრიტანულ გამოცდილებას ემყარება და საჭიროა ამ პრაქტიკის გადმოღება საქართველოში. მიმდინარეობს შესაბამისი კანონმდებლობის დამუშავება და ჩვენ პარლამენტში აუცილებლად შემოვიტანთ ამ ინიციატივას“, - განაცხადა ბახტაძემ.