თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა.
ახლად რეაბილიტირებული ხიდი, დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ჩართული იყო.
“დავასრულეთ საფეხმავლო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიას და ბაგებს აკავშირებს. ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რაც აშენდა, მას შემდეგ არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის სპეციალური ამოსასვლელი მოეწყო. რაც მთავარია, ის ადამიანები არიან კმაყოფილი, რომლებიც ყოველდღიურად ამ ხიდით ისარგებლებენ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა და მგონია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება ჩვენი ქალაქისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფარგლებში, ხიდზე გამოიცვალა ასფალტის საფარი, გამაგრდა ბურჯები და გარდამავალი ფილა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების გარდა, შეიღება მოაჯირები, ხოლო „თბილსერვის ჯგუფმა“ განაახლა განათების სისტემა. გარდა ამისა, კეთილმოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები, აღდგა დაზიანებული კიბეები და დამცავი კედლები ფილებით მოპირკეთდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს „გრუპო პონტემ“ აწარმოა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი დაიხარჯა, ხოლო ხიდის მოპირკეთება, ახალი განათების სისტემით აღჭურვა და სხვა კეთილმოწყობითი ღონისძიებები ჯამში 200 000 ლარამდე დაჯდა.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გალაქტიონ ბუაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე.