კრიმინოგენური თვალსაზრისით არსებობს სერიოზული გამოწვევები და არსებობს რეფორმები, რომელიც ამ გამოწვევებს უნდა დავუპირისპიროთ

კრიმინოგენური თვალსაზრისით არსებობს სერიოზული გამოწვევები და არსებობს რეფორმები, რომელიც ამ გამოწვევებს უნდა დავუპირისპიროთ

ქვეყანაში კრიმინოგენური თვალსაზრისით არსებობს სერიოზული გამოწვევები და არსებობს რეფორმები, რომელიც ჩვენ ამ გამოწვევებს უნდა დავუპირისპიროთ, - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. 

ბახტაძემ დაადასტურა, რომ დანაშაულის საერთო რაოდენობა გაზრდილია. “კრიმინოგენული სიტუაცია არის იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც ეს არის. ბუნებრივია, ყველა ღონისძიება არის დაგეგმილი, რომ ის შევამციროთ. კრიმინალის რაღაც სახეობები მცირდება, რაღაც - არა. საერთო რაოდენობაში არის ზრდა - იცით სტატისტიკა! არსებობს სერიოზული გამოწვევები და არსებობს რეფორმები, რომელიც ჩვენ ამ გამოწვევებს უნდა დავუპირისპიროთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველ სტატისტიკაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ გაამახვილა ყურადღება. როგორც კახიძემ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, შსს-ს ოფიციალური სტატისტიკით დანაშაულის საერთო რაოდენობა 2018 წლის ექვსი თვის მდგომარეობით, 2017 წლის ანალოგიურ მდგომაროებასთან შედარებით 52%-ით არის გაზრდილი

“სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია 102%-ით. აქედან მკვლელობის მცდელობა გაზრდილია 320%-ით, დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ გაზრდილია 149%-ით. თავისუფლების უკანონო აღკვეთა გაზრდილია 93%-ით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული გაზრდილია 66%-ით. აქედან ქურდობა ბინაში შეღწევით გაზრდილია 49%-ით. ხულიგნობა გაზრდილია 75%-ით“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.