თავად გავაკეთებ განცხადებას, როცა ამის დრო იქნება

თავად გავაკეთებ განცხადებას, როცა ამის დრო იქნება

მე რაც მექნება სათქმელი, თავად გავაკეთებ განცხადებას, როცა ამის დრო იქნება, - ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა საკუთარი კანდიდატი არ წარადგინოს და მხარი სწორედ ზურაბიშვილს დაუჭიროს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში განიხილება, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ ფორმით გახდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, როცა “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ დააყენა და მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ზურაბიშვილს გამოუცხადა. 

ამომრჩეველი ახალ პრეზიდენტს ოქტომბერში აირჩევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.