კონგრესში ინიცირებული ორპარტიული კანონპროექტი, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს

კონგრესში ინიცირებული ორპარტიული კანონპროექტი, საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს

საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ინიცირებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, უმნიშვნელოვანეს დატვირთვას ატარებს ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ უფრო აღრმავებს სტრატეგიულ პარტნიორობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მართავს ვაშინგტონში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და თავისუფალი ვაჭრობის საკითხებზე. 

“საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ საკითხებში, ჩვენ ცალსახა მხარდაჭერა გვაქვს ამერიკის შეერთებული შტატებისგან”, - აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარუდგინეს. 

კანონპროექტი ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.