ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N36-ში მდებარე N2 და კანდელაკის ქუჩაზე, მე-16 კორპუსის სადარბაზოების რემონტი დასრულდა.
საბურთალოს გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. ორივე პროექტის ღირებულებამ 24 415 ლარი შეადგინა. ამხანაგობამ კი, შეგროვებული თანხით ნუცუბიძის N2 კორპუსის ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყო, რადგან დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა შეაგროვოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს.
სადარბაზოების რემონტი ამჟამად, ხუთ მისამართზე მიმდინარეობს. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 207 180 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.
„მწვანე სივრცეების შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გამწვანების სამუშაოებში მონაწილეობის მიღება და ეზოს მოვლა-პატრონობაში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მინდა გადავუხადო ამხანაგობის თავმჯდომარეს, ლევან მშვილდაძეს, რომლის ინიციატივითაც, გამწვანების სამუშაოები განხორციელდა და რომელიც მოსახლეობასთან ერთად, ეზოების მოვლა-პატრონობაში აქტიურადაა ჩართული. მოსახლეობას მოვუწოდებ, საკუთარი ეზოს კეთილმოწყობაში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.
საბურთალოს რაიონში ყველაზე აქტიური ამხანაგობის ჩართულობითა და გამგეობის მხარდაჭერით, ზაქარიაძის ქუჩაზე მდებარე N3 და ნუცუბიძის ქუჩის N34 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც გამწვანდა. გამწვანების ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ჯიშის 180 ხე-მცენარე დაირგო. ასევე, დაიგო რულონური ბალახი.