ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის“ შექმნას გეგმავს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთი“ ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის“ შექმნას გეგმავს

ოკუპირებული "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პარლამენტში „რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის“ შექმნა სურთ.
სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი ზნაურის რაიონის წნელისის ხეობის მოსახლეობის მიმართვა გახდა, რომლებიც აღშთოფებულები არიან იმით, რომ დემარკაციის შედეგად სოფელ წნელისის ნაწილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვრებს“ მიღმა აღმოჩნდა.

„კომიტეტის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, განხილვას ესწრებოდა ყველა დაინტერესებული მხარე. კომიტეტმა გადაწყვიტა შექმნას კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს“, - განაცხადა ე.წ. ვიცე-სპიკერმა რუსლან თედეევმა.

დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. სპიკერის პეტრ გასიევის განცხადებით, ეს საკითხი სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.

„საკმაოდ მწვავე საკითხია. მე ვნახე რუკები, სადაც ჩვენი ტერიტორიებია მონიშნული და იქ ნამდვილად უწესობა ხდება. ჩვენი ტერიტორიების სიმცირის გათვალისწინებით თითოეულ კილომეტრს ჩვენთვის ოქროს ფასი აქვს. საქმე ასევე ეხება სასარგებლო წიაღისეულის მარაგებს, რომლებიც „სასწაულებრივად“ საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ არც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, არც ძველი რუკებისა და დოკუმენტების მიხედვით ეს ქართული ტერიტორია არაა“, - აღნიშნა გასიევმა.