მთავრობა წარმოდგენისთანავე გახლავთ მორალურად და პოლიტიკურად მოძველებული - “ევროპული საქართველო“ ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

მთავრობა წარმოდგენისთანავე გახლავთ მორალურად და პოლიტიკურად მოძველებული - “ევროპული საქართველო“ ამ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს

“ევროპული საქართველო“ მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ევროპული საქართველო“ მხარს არ უჭერს მთავრობის წარმოდგენილ შემადგენლობას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ვერ პასუხობს საზოგადოებრივ მოლოდინს, ვერც პროგრამით და ვერც მისი შემადგენლობით. მთავრობა წარმოდგენისთანავე გახლავთ მორალურად და პოლიტიკურად მოძველებული, ვინაიდან მასში დღეს არიან სახეები, რომელთა გადადგომასაც ითხოვს საზოგადოების დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. პროგრამაში არაფერი ყოფილა ნათქვამი იმ მოლოდინზე, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობს, თუნდაც სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ და ა.შ.“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დეპუტატის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ უმცირესობის სხდომაზე „ევროპული საქართველოსგან“ მიიღო შეთავაზება, რომ განიხილოს გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაიზოგოს ბიუროკრატიული ხარჯი და ამის საშუალებით წელსვე მოხდეს პენსიის 50 ლარით გაზრდა.

“ამის კონკრეტული გააანგარიშება არსებობს. უმცირესობის სხდომაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ მთავრობის საბოლოო შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე გვექნება კონსულტაცია. თუ ეს საკითხი განხორციელდა და პირობა შესრულდა, ეს შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული პოზიტივი, რომელსაც ჩვენი პენსიონერები ახალი მთავრობისგან მიიღებენ. ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, რომ ახალი მთავრობის დამტკიცებისთანავე შევხვდეთ მთავრობას და პრემიერს, კონკრეტული გეგმით და პენსიის 50 ლარით მომატების პერსპექტივით“, - აღნიშნა ბაქრაძემ.