დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება

დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება

დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება და განისაზღვროს ის 3.9%-ის ოდენობით, - აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის წარდგენისას შესთავაზა. 

ბახტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასახული რეფორმების განხორციელებას მცირე და ოპერატიული მთავრობა სჭირდება. 

“ჩემი ღრმა რწმენით, წარმოდგენილი პროგრამის შესრულებას და ზოგადად, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევის გამკლავებას 11 სამინისტროზე მეტი არ სჭირდება. რა თქმა უნდა, საკითხი მხოლოდ სამინისტროების რაოდენობას არ ეხება - ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგრამ არა სრული. საჭიროა, არსებულ ხარჯებში მნიშვნელოვანი ეფექტურობის მიღწევა შევძლოთ. აქედან გამომდინარე, ჩემი ინიციტივაა, რომ დავაწესოთ მაქსიმალური ზღვარი სახელფასო ხარჯზე, რომელიც ზოგადად, სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვას უკავშირდება და განისაზღვროს 3.9%-ის ოდენობით. ეს საშუალებას მოგვცემს, მნიშვნელოვანი გამოთავისულებული რესურსი შევქმნათ იმ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და მივმართოთ ის უფრო აუცილებელი პროგრამების დასაფინანსებლად. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არსებობს ეფექტურობის ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი მმართველობით ორგანოებში“, - განაცხადა ბახტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, არ ხდება სრულად იმ უპირატესობის გამოყენება, რაც ციფრულ ტექნოლოგიებს გააჩნია. 

“ეფექტურობის ზრდა არ უკავშირდება მხოლოდ გარკვეულ საკადრო პოლიტიკას. ეს უკავშირდება ამავე დროს შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, უფრო ხარისხიანად და უფრო მოკლე დროში მივაწოდოთ სერვისები მოქალაქეებს“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობს. 
სამთავრობო პროგრამა - “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილმა მამუკა ბახტაძემ გააცნო.