ოპტიმიზაციის მიზანია, მთავრობა იყოს უფრო მოქნილი, – ამის შესახებ განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში განაცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმენენ.
მისი თქმით, გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები როგორც სტრუქტურაზე, ასევე კადრების საკითხზე.
„მინდა, გითხრათ, რომ, ზოგადად, მცირე მთავრობის კონცეფცია ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. გუნდში მიმდინარეობა კონსულტაციები როგორც სტრუქტურასთან დაკავშირებით, ისე კადრებთან დაკავშირებით. მთავრობის ოპტიმიზაციის მიზანი არის, რომ მთავრობა იყოს უფრო მოქნილი, უფრო ეფექტური და ამაზე მსჯელობის დასრულების შემდეგ, ახალი პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერობის კანდიდატმა გააკეთა უაღრესად მნიშვნელოვანი განცხადება და განათლება სტრატეგიულ პრიორიტეტად გამოაცხადა. ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეტი ინვესტიცია განათლებაში, ეს არის მნიშვნელოვანი დარგისა და ზოგადად ქვეყნისთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.
20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.
საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. მისივე თქმით, სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. ამასთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება.