ვაკის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში, „მზიურის“ პარკში ფერების ფესტივალი მიმდინარეობს.
ფერების ფესტივალს ახალგაზრდებთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დაესწრო, რომელმაც მსგავსი ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღევანდელ ფესტივალზე საოცრად კარგი განწყობაა. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მოსული. ვაკის რაიონის გამგეობა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს მომავალშიც ჩაატარებს და იზრუნებს, რომ ახალგაზრდებისთვის მეტი დასასვენებელი და გასართობი სივრცე იყოს ქალაქში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
ფერების ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყო და ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით „გაფერადდა“.
ღონისძიების განმავლობაში, რომელიც ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფები და DJ-ები: ჯგუფი „არა“, PERCDUO, DJ Yurin, DJ Noxiron, YST წარსდგებიან.
ღონისძიება „მზიურის“ პარკში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.