საქართველოს პრეზიდენტი არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში

საქართველოს პრეზიდენტი არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში

საქართველოს პრეზიდენტი არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

„არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. ამაზე მართლა გული მტკივა. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, არის გარანტი რაღაცეების, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის (თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც), არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა“, - განაცადა კობახიძემ. 

მისი თქმით, მთავარია, რომ გრძელდება ქვეყნის წინსვლა და ყველა მიმართულებით „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა მთავრობის პირობებში. 

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ცვლილება, ეს არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც განიხილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხი. შესაბამისად, განიხილება ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდი და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენთვის მთავარია, რომ ის მიღწევები, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ და ის გარკვეული ხარვეზები, რაც იყო გუნდის საქმიანობაში, მთლიანად გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის არსებობა პარლამენტსა და მთავრობას შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ სულისკვეთებაზე იქნება აგებული ურთიერთობები პარლამენტსა და ახალ მთავრობას შორის“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.