რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის დროებითი „უვიზო რეჟიმი“ წესდება

რაულ ხაჯიმბას განკარგულებით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის დროებითი „უვიზო რეჟიმი“ წესდება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერა განკარგულებას „უცხოელი მოქალაქეებისათვის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტული მიზნებით შესვლისთვის დროებითი უვიზო რეჟიმის დაწესებაზე“. 

ამის შესახებ ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე. 

„რუსეთის ტერიტორიაზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით 15 ივნისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით უცხოელ მოქალაქეებს ნება დაერთოთ ტურისტული მიზნებისათვის უვიზოდ შემოვიდნენ აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთი-რუსეთის საზღვარზე ვიზების მიღების აუცილებლობის გარეშე“, - ნათქვამია განკარგულებაში. 

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ ეს ზომა „არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე“. 

აღსანიშნავია, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა დღეს 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრება.