ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება მიუღებელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ამერიკის საკითხებზე სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დუნკანმა განაცხადა.
„2008 წელს რუსეთის სამხედრო შეჭრა საქართველოში და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება საქართველოს სუვერენული უფლებების მიუღებელი დარღვევა იყო. რუსეთის ქმედებები კვლავ ძირს უთხრიან საქართველოს ტერიტორიალურ მთლიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
სერ ალან დუნკანი აღნიშნავს, რომ „სირიის რეჟიმი და რუსეთი აგრესიულად ცდილობენ ძირი გამოუთხარონ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს“.
„ბრიტანეთის მთავრობა მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიალურ მთლიანობას და გაერო-ს უშიშროების საბჭოს 1808 რეზოლუციას, რომელიც ადასტურებს წევრი ქვეყნების ვალდებულებას პატივი სცენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიალურ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - დასძინა სერ ალან დუნკანმა.