ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1317-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მუდმივმა წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს. 

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო.

ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მიმართა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას სათანადო შეფასება მისცენ და აღნიშნული ქმედების საპასუხოდ ზომები მიიღონ.

საგარეო უწყების ცნობით, სხდომაზე ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ საქართველოს პოზიცია გაიზიარეს და სირიის რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება დაგმეს. მათ ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.