აშშ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს იქამდე შეინარჩუნებს, ვიდრე რუსეთი თავის ძალებს არ გაიყვანს დონბასიდან, ხოლო ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლი კიევს არ დაუბრუნდება, - ამის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა.
„ვიდრე რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს, ყირიმში შეჭრასთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება. ვიდრე რუსეთი თავის ძალებს არ გამოიყვანს აღმოსავლეთ უკრაინიდან და არ დაიწყებს მინსკის შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი სანქციები შენარჩუნდება“, - განაცხადა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.
მისივე თქმით, „აშშ საფრანგეთთან, გერმანიასთან და უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობაში უკრაინის აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენისთვის მუშაობდნენ.
„მიუხედავად ამისა, რუსეთმა უარი განაცხადა რეალურ თანამშრომლობაზე და ჩვენი მცდელობები ჩიხში შევიდა“, - დასძინა ნიკი ჰეილიმ.