ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ფაშინიანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე დახვდა. როგორც ჯანელიძემ განაცხადა, დარწმუნებულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ახალი შედეგების მომტანი იქნება ორმხრივი ურთიერთობებისთვის. 

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრემიერს საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს. პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ქართველ კოლეგასთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც შეხვდება. 

საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები თბილისის საკრებულოში, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებასაც დაესწრებიან, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილი ნიკოლ ფაშინიანს, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.