ამერიკამ მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან და მისი უსაფრთხოების ფართო გარემოს სირთულე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე - “პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წელი” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობაა.
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მყისვე შეაფასა საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის თანმდევი გამოწვევები, განსაკუთრებით დაძაბული ურთიერთობა რუსეთთან და მისი უსაფრთხოების ფართო გარემოს სირთულე. ამავე დროს, მან იმთავითვე გააცნობიერა საქართველოს ხელსაყრელი გეოგრაფია, მისი ძალა, ცხადყოს დემოკრატიული განვითარების უპირატესობები, ასევე სიცოცხლით სავსე ქართველების უკვდავი სულისკვეთება. თავის მხრივ, საქართველო აცნობიერებს და წვლილი შეაქვს ამერიკის მხრიდან რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თავისი ინტერესების და დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებასა და დაცვაში. საქართველო დიდად აფასებს თავის წვლილს ამ პარტნიორობაში, იბრძვის რა ამერიკის და ნატო-ში მისი მოკავშირეების გვერდიგვერდ ისეთ ცხელ წერტილებში, როგორიცაა ერაყი და ავღანეთი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ საქართველომ ნატო-ს სხვა ნებისმიერ წევრ ქვეყანაზე მეტი მებრძოლი დაკარგა ერთ სულ მოსახლეზე. საქართველოს ხარჯები თავდაცვაზე მნიშვნელოვნად აღემატება ნატო-ს სტანდარტს - 2%-ს, როგორც ამას პრეზიდენტი ტრამპი სამართლიანად ითხოვდა. ჩვენ ამით ვამაყობთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ ჩვენი საერთო უსაფრთხოების დღის წესრიგს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერნი ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე, რაც არის კიდეც სტრატეგიული პარტნიორობის არსი“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევრაზიაში ტემპი იზრდება, რასაც ასაზრდოებს ისეთი ახალი სავაჭრო მარშრუტები, როგორიცაა ტრანსკასპიის დერეფანი და ახალი აბრეშუმის გზა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ახალი მოთამაშეები მთელი მსოფლიოდან დღეს ცდილობენ ევრაზიაში არსებული უზარმაზარი შესაძლებლობების გამოყენებას.
“ევროპიდან აზიამდე იქმნება ახალი კავშირები და ალიანსები. საქართველოს უნიკალური მდებარეობისა და შესაბამისად, აშშ-თან მისი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას მხოლოდ ზრდა ელის წინ. სწორედ ახლაა დრო, ყურადღება მივაქციოთ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც ორივე სახელმწიფოს მოუტანს ეკონომიკურ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სარგებელს. პარტნიორობა და სტრატეგია პირდაპირ კავშირშია მშვიდობასა და სტაბილურობასთან. ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთვის დიდი პატივია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ეს ყოველწლიური კონფერენცია გააძლიერებს და გააღრმავებს ჩვენს პარტნიორობას ყველას სასიკეთოდ“, - აღნიშნა პრემიერმა.