ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ყველა მსხვერპლისთვის, რომლებიც 12 აგვისტოს გორის ცენტრში დაიღუპნენ

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ყველა მსხვერპლისთვის, რომლებიც 12 აგვისტოს გორის ცენტრში დაიღუპნენ

სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო მოსმენას 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში „ისკანდერის“ აფეთქებას გადარჩენილი ჰოლანდიელი ჟურნალისტი ჟეროენ აკერმანსი დაესწრო. სწორედ მისი ოპერატორი იყო სტან სტორიმანსი, რომელიც გორის ცენტრში „ისკანდერის“ აფეთქების შედეგად დაიღუპა.

ჟეროენ აკერმანსი სტრასბურგში სპეციალურად დღევანდელი მოსმენისთვის ჩავიდა. მან სხდომაზე როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელთა მიერ წარდგენილ პოზიციებსა და არგუმენტებს მოუსმინა.

რუსეთის ფედერაციის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა, აგვისტოს ომის შესახებ აკერმანსისა და მისი კოლეგების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის შესახებაც ისაუბრეს და „ისკანდერის“ ეპიზოდთან დაკავშირებით ჰოლანდიელი ჟურნალისტები ფაქტების ფალსიფიკაციაში დარბაზში ღიად დაადანაშაულეს. რუსეთის ინტერესების დამცველები სხდომაზე ამტკიცებდნენ, რომ გორში რუსული რაკეტა არ ჩამოვარდნილა.

თავად აკერმანსმა პროცესის დასრულების შემდეგ ინტერვიუ ქართველ ჟურნალისტებს მისცა და განცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია სიმართლეს სერიოზულად არ აღიქვამს.

„იქ იყო „ისკანდერის“ 100-მდე ფრაგმენტი, რომლებიც ადასტურებენ, რომ ეს სწორედ ის „ისკანდერია“, რომელიც მხოლოდ რუსებს აქვთ. რაც მათ გააკეთეს არის ის, რომ უარყვეს ამ 100 ფრაგმენტის არსებობა. ისინი კონცენტრირდნენ ერთ ფრაგმენტზე, რომელიც მოდით ვთქვათ, დაფიქსირებული და გადაღებულია საეჭვო ვითარებაში. ამაზე დაყრდნობით ამბობენ ისინი, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია. თუ შენ ყველა მტკიცებულებას, რომელსაც წინ გიდებენ გაყალბებულს უწოდებ, მაშინ სიმართლეს სერიოზულად არ იღებ –  სწორედ ასე ემართება რუსეთის ფედერაციის დელეგაციას. გულწრფელად გაოცებული ვარ რუსეთის დელეგაციის გამოსვლით. ველოდი, რომ ამ ფაქტებს არ უარყოფდნენ, მაგრამ ისინი „ისკანდერით“ თავდასხმას ისევ უარყოფენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, ყველა მსხვერპლისთვის, არა მხოლოდ სტანისთვის, არამედ იმ 12 ქართველისთვისაც, რომლებიც მაშინ იმ მოედანზე დაიღუპნენ. ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძოლებთ“ – განაცხადა ჟეროენ აკერმანსმა.

სტრასბურგში დღეს გამართულ ბოლო მოსმენაზე საქართველოს სახელმწიფოს ბრიტანელმა ადვოკატმა, ბენ ემერსონმა რუსეთის მხრიდან გორში „ისკანდერის“ ტიპის რაკეტის გამოყენებაზე და საქართველოს მტკიცებულებებზე, ასევე რუსეთის პასუხებსა და არგუმენტებზე ისაუბრა.  ადვოკატის განცხადებით, რუსეთი აცხადებს, რომ 12 აგვისტოს გორში მოკლული ჰოლანდიელი ოპერატორის, სტან სტორიმანსის სხეულში „ისკანდერის“ ნამსხვრევები განზრახ მოათავსეს.

„რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მათ „ისკანდერის“ გამოყენების ან 12 აგვისტოს ამ სისტემის მითითებულ ადგილზე დისლოცირების არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. საყურადღებოა, რომ რუსეთის სამხედრო მოწმეების თქმით, ისინი არც კი უშვებენ იმას, რომ ამ თავდასხმაზე რუსეთს რაიმე სახის პასუხისმგებლობა ეკისრება და, რომ „ისკანდერი“ რუსულ რაკეტას იყენებდა. როდესაც მათ წარუდგინეს ნამსხვრევები, რომლებიც სტან სტორიმანსის სხეულიდან იქნა ამოღებული, მაშინ თქვეს, რომ ცხედარში ისინი განზრახ იყო მოთავსებული. როდესაც ვუთხარით, რომ აღმოჩენილი რაკეტის ნაწილების სერიული ნომრების მიხედვით, მისი რუსული წარმომავლობა დგინდებოდა, მაშინ მათ თქვეს, რომ მთელი დანაშაული ფაბრიკაცია იყო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას ემსახურებოდა, რაც ყველასთვის ნამდვილად რთული წარმოსადგენია. ეს მიუთითებს რუსეთის პასუხის ხარისხზე და იმაზე, თუ რამდენად სერიოზულად უდგებიან ამ საქმეს. ექსპერტების დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოყენებული რაკეტა რუსული საწყობებიდან იყო“, – განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ ბოლო ზეპირი მოსმენა დასრულდა. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაადაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი თავმჯდომარეობს.