საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ამასთან, მთავრობის მეთაური მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში“ გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას. ასევე, დაგეგმილია პრემიერის გამოსვლა კონფერენციაზე - “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია”, რომელიც პარლამენტში გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოში სტუმრად მყოფ სახელმწიფოების მეთაურებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან.
26 მაისს, განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნება 17:10 საათი, ზუსტად ის დრო, როდესაც 1918 წელს, ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება.
დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტუმრებთან ერთად დაესწრება.
„აღსანიშნავია, რომ საიუბილეო ღონისძიებები თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი გალა კონცერტით დასრულდება, რომელზეც 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება. საზეიმო კონცერტს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში სტუმრად მყოფი სახელმწიფოების მეთაურები და დელეგაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტრადიციულად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლებს.