ნარკომანიით დავადებული პირების სამკურნალო პროცესი ვერ იქნება ბოლომდე მიყვანილი, თუ არ იქნება რეზიდენტიული ფსიქორეაბილიტაციის სერვისი ამუშავებული, - ამის შესახებ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
რაც შეეხება ნარკომანიასთან ბრძოლას, როგორც კილაძე აღნიშნავს, სახელმწიფომ რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს. კერძოდ, კილაძე აღნიშნავს, რომ აუცილებელია პროფილაქტიკური და პრევენციული სისტემის ამუშავება და სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნა.
„კანონპროექტს მიიღებს თუ არა პარლამენტი, ამის მიუხედავად, ეს სერვისი უნდა ამუშავდეს და იყოს ხელმისაწვდომი მოქალაქეებისთვის. ასევე, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური და პრევენციული სისტემის ამუშავება, მათ შორის საგანმანათლებლო და საინფორმაციო სისტემების, რომელიც აჩვენებს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ზიანის პროცესს. თუ ეს სისტემა არ იქნება ერთიანი და სახელმწიფოებრივი, არ იქნება ის სახსრები, რაც რეალურად უნდა იყოს ჩადებული, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა არაეფექტური იქნება. მკურნალობა არის ერთადერთი გზა ნარკომომხმარებლების დახმარების. მივესალმები მოხმარების დეკრიმინალიზაციას, მივესალმები მინიმალური დოზების განსაზღვრას, რაც ერთმნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ თუკი არ იქნება ერთიანი პრევენციული და პროფილაქტიკური სისტემა, არ იქნება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის რეზიდენტული სისტემა, ჩვენ მივიღებთ არასახარბიელო სურათს ლიბერალიზაციის ფონზე“, - განაცხადა კილაძემ.