სტრასბურგის სასამართლოში საქმის სწორად წარმართვის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი შედეგი შეიძლება დადგეს - ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან კონვენციის დარღვევა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ განუცხადა.
ბოკერიას შეფასებით, როგორც წინა საქმეში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების რუსეთის ტერიტირიიდან გამოძევებას ეხებოდა, ამ შემთხვევაშიც უნდა მოხდეს რუსეთის მხრიდან ვალდებულბების დარღვევის დაფიქსირება.
“სარჩელი მომზადებულია ძალიან სერიოზულად, ძალიან ზუსტად და ძალიან კარგად. მაშინ სასამართლოს ჩვენ რამდენიმე სარჩელით ვივმართეთ. ახლა მნიშვნელოვანი ეს სამუშაო არ ჩავარდეს, რაც ვნახეთ, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ხელისუფლებას კომპენსაციებთან დაკავშირებით - ამ საქმეს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიტიკურად არანაირი ყურადღება არ მიაქცია და ის სამუშაო არ გასწია, რაც ეკუთვნოდათ. გამარჯვების შემდეგ რამდენიმე ხანი გავიდა და არანაირი შედეგი არ არის. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ბრალია, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ინსტრუმენტები ყოფილიყო პროაქტიული და ისევ სასამართლოს არ დალოდებოდა. ეს სწორედ დამოკიდებულების ნიშანია. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ საქმეს ისე მიუდგებიან, როგორც მათ ეს ევალებათ, საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე. ეს იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი წნეხისა რუსეთის მიმართ. საბოლოო ჯამში, თუკი სწორად ვიარეთ, ვიარეთ ნებისყოფითა და ვიმოქმედეთ პოლიტიკური რწმენით, ეს საბოლოო შედეგებამდე მიგვიყვანს, რაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში მოხდა“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გიგა ბოკერიამ.
23 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტსა და მის შედეგებთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს განიხილავს.
სარჩელი საქართველომ 2008 წლის 11 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის შესაბამისად შეიტანა. სარჩელი ეხება სიცოცხლის უფლების, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, სიცოცხლის უფლების, საკუთრების დაცვისა და განათლების უფლების და გადაადგილების თავისუფლების დარღვევებს.