მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა SGS-თან შეთანხმებას ხელი მოაწერა, მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - განხორციელების მექანიზმები ისევ საინტერესოა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა SGS-თან შეთანხმებას ხელი მოაწერა, მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - განხორციელების მექანიზმები ისევ საინტერესოა

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა შვეიცარიულ კომპანიასთან შეთანხმებას, მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა - თვითონ განხორციელების მექანიზმები ისევ საინტერესოა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატის ვარაუდით, უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ განხორციელდება რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგი, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გახდება ცნობილი.

„მისასალმებელია, რომ რუსეთმა გვიან, მაგრამ ხელი მოაწერა იმ შეთანხმებას, რაზეც ჩვენ უკვე ხელი გვქონდა მოწერილი შვეიცარიულ მხარესთან. კონტროლის სისტემასთან და დეტალებთან დაკავშირებით გაიმართება აბაშიძე-კარასინის ფორმატში შეხვედრა და მეტი დეტალი გვეცოდინება. რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული ყველა ტვირთი უნდა იყოს შემოწმებული ნეიტრალური შვეიცარიული კომპანიის მიერ - ეს არის ამოსავალი წერტილი, ხოლო ამ მექანიზმის ამუშავების დეტალები გვეცოდინება მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები უფრო სიღრმისეული იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა კონტრაქტს შვეიცარიულ კომპანია SGS-სთან, რომელმაც „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი უნდა განახორციელოს.